logo
ENG



ISW: უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ლიმანი, დიდი ალბათობით, სრულად მოაქციეს ალყაში

30 სექ 202213:09
3 წუთის საკითხავი
 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იუწყება, რომ 29 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, დიდი ალბათობით, სრულად მოაქციეს ალყაში.

ISW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლიმანში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაში მას შემდეგ მოხვდა, რაც უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო, რომელიც ლიმანიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა ტორსკე-დრობიშევეს დამაკავშირებელი გზა დაიკავეს, რომელიც რუსული არმიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლიმანთან ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენდა.

ISW-ის ექსპერტები ამბობენ, ლიმანში დარჩენილი რუსული ქვედანაყოფებისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, რადგან თუ იქ დარჩენილი რუსული მე-20 არმიის ნაწილები და BARS-13-ის ბატალიონები ალყის გარღვევას ვერ მოახერხებენ, ან ტყვედ ჩაბარდებიან, ან განადგურდებიან.

რუსი სამხედრო ბლოგერები ვარაუდობენ, რომ "ლიმანის დაცემა გარდაუვალია, თუ რუსულ ჯარს არ შეემატება დამატებითი ძალები", თუმცა ISW-ში ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შემატებულმა ძალებმა, მნიშვნელოვნად გააძლიერონ რუსული დაჯგუფების თავდაცვისუნარიანობა ლიმანში.

ISW-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას სერიოზული შედეგი ექნება დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუჰანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინულ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს საშუალებას, მოწინააღმდეგეების პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუჰანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან, ასევე სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რაიონებში.


close დახურვა