ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქსა და ლიმანში მარცხის შემდეგ რუსული პროპაგანდის ტონი შეიცვალა - მოსახლეობა კი უფრო და უფრო მეტად ისმენს რუსი გენერლების კრიტიკას.
ISW წერს, რომ კრემლის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით მოსახლეობამ იგრძნო ხარკოვსა და ლიმანში მარცხის შედეგები, ხოლო კრემლის მცდელობა, წარმოეჩინა ომი, როგორც მთლიანობაში წარმატებული, ჩაიშალა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ლიმანში რუსული ჯარის მარცხმა კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა და კრიტიკა გამოიწვია რუსულ მედია მეინსტრიმში, ვიდრე გაზაფხულზე ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოსვლამ ან თუნდაც ხარკოვის რეგიონში დამარცხებამ, სწორედ მობილიზაციის გამო.
ISW ასევე აღნიშნავს, რომ სატელევიზიო თოქ-შოუებში აღიარებულმა "პატრიოტმა" სამხედრო ბლოგერებმა დაიწყეს სამხედრო ხელმძღვანელობის ღიად და ხმამაღლა კრიტიკა, ხოლო რამზან კადიროვმა და რუსმა ოლიგარქმა, პუტინთან დაახლოებულმა ევგენი პრიგოჟინმა უხეში განცხადებები გააკეთეს.
გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი მიუთითებს, რომ პუტინი ცდილობს, საინფორმაციო სივრცე უფრო მეტად გააკონტროლოს, ვინაიდან მას არ აქვს ცენზურის ისეთი მექანიზმები, როგორიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა და შესაბამისად, ინფორმაციულ სივრცეში "უწესრიგობა" მისთვის შესაძლოა იმაზე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებისთვის.
ISW-ის თანახმად, პუტინი დიდწილად სამხედრო ბლოგერებს ეყრდნობა - მას ისინი სჭირდება როგორც მასების წინაშე თავისი პოზიციის გასამყარებლად, ასევე ფრონტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაციის მისაღებად.