logo
ENG



ISW: ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი შეტევას დონეცკის ოლქში გააძლიერებს

14 ნოე 202208:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/1wfb9x44rpfyr8e.jpg

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს, სერგეი სუროვიკინს ხერსონიდან გასვლის ნება, დიდი ალბათობით, იმ პირობით დართო, რომ დონეცკის ოლქის დანარჩენ ნაწილს დაიკავებს - ამაში ის დასავლეთ ხერსონიდან დაბრუნებულ რუსულ ძალებსა და ახლად ჩასულ მობილიზებულ სამხედროებს გამოიყენებს.

ISW ეყრდნობა უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი ზაგოროდნიკის მიერ შემოთავაზებულ დაკვირვებას და მიუთითებს, რომ ეს არის ყველაზე სავარაუდო ახსნა, რატომაც გააძლიერეს რუსებმა შეტევითი ოპერაციები ჯერ ბახმუტის და შემდეგ სამხრეთ დასავლეთით, ვუჰლედარის ტერიტორიის გარშემო.

"სხვა შემთხვევაში, ამ შეტევების ძალისხმევა აზრსმოკლებულია - ბახმუტის გარდა, ისინი შორს არიან ოპერატიულად მნიშვნელოვანი ადგილებიდან და შეუსაბამოდ მომზადებული მობილიზებული სამხედროების მიერ ცუდ დროს, იქამდე დაიწყო, სანამ რუსი მეთაურები გადამწყვეტი ოპერაციებისთვის საჭირო საბრძოლო ძალას მოიკრებდნენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქში მომდევნო კვირებში გაძლიერდება - უკრაინული ძალები ამ ტერიტორიაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და კიევს, დიდი ალბათობით, მოუწევს ამ მიმართულებით ჯარების გადამისამართება რუსეთის განახლებული თავდასხმისგან თავის დასაცავად.

ISW აღნიშნავს, რომ მიუხედავად მათი განახლებული მცდელობებისა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსები რაიმე წარმატებას მიაღწევენ, თუმცა წარმოსადგენია, რომ რაღაც დროის შემდეგ უზარმაზარი დანაკარგების ხარჯზე ბახმუტი დაიკავონ. ექსპერტები საუბრობენ მობილიზებული სამხედროების ცუდ მომზადებაზე და მიუთითებენ, რომ მათ არ აქვთ ბრძოლის ხალისი.

"ისინი ბრძოლის ველზე არ ჩადიან როგორც ერთიანი დანაყოფები, არამედ ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებად ანაცვლებენ დანაყოფებს, რომლებიც 9 თვის განმავლობაში შეუსვენებლად იბრძოდნენ და განიცადეს წარმოუდგენელი დანაკარგები როგორც პერსონალის, ასევე, აღჭურვილობის და თავადაც ძალიან დემორალიზებულები არიან", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ISW-ის ცნობით, დონეცკის ოლქში მოქმედი რუსული ძალები შედგება რუსული რეგულარული არმიის დანაყოფებისგან, მობილიზებული სამხედროებისგან, კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის ჯარებისგან, მოხალისეთა რეზერვებისგან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მილიციის ნაწილებისგან, რამზან კადიროვის ჩეჩნური დანაყოფის სამხედროებისგან და მოხალისეთა ბატალიონებისგან.

მათი შეფასებით, საბრძოლო ძალების ამ უცნაურ ნაკრებს ექნება გაცილებით ნაკლები ეფექტურობა, ვიდრე მსგავსი ზომის რეგულარული დანაყოფების ჯგუფებს, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სუროვიკინმა ეს გარდაქმნას ძალად, რომელსაც შეუძლია ფართომასშტაბიანი თავდასხმის განხორციელება, თან იმის გათვალისწინებით, რომ შეტევის დაწყებამდე დამრტყმელი ძალის შექმნას ის დროს არ უთმობს.

ISW-ის განცხადებით, ამ უცნაურმა ნაზავმა, შესაძლოა, რაღაც ეტაპზე წარმატებას მიაღწიოს, თუმცა უკრაინული ძალები, დიდი ალბათობით, მათ მომდევნო რამდენიმე თვეში დაწყების ადგილიდან არცთუ ისე შორს შეაჩერებენ.


close დახურვა