logo
ENG



MDF-ის ანგარიში: გარეჯის თემა ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული ყველაზე გავლენიანი კამპანია

16 ნოე 202016:52
3 წუთის საკითხავი
clock 857
2020/11/16/03synjy3x5xpr36.jpg

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის ძირითადი თემები იყო სიძულვილის ენა, ანტიდასავლური გზავნილები და ყალბი ინფორმაცია. როგორც კვლევიდან ირკვევა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა 157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს. გზავნილებში ყველაზე დიდი წილი თავსმოხვეულ ლიბერალურ კანონმდებლობას შეეხებოდა: ანტიდისკრიმინაციული, ოჯახური ძალადობისა და ბავშვთა საკითხების შესახებ კანონმდებლობის გადახედვასთან ერთად, პროპუტინური "ქართული მარში" პირადობის მოწმობაში ეთნიკურობის გრაფის აღდგენისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოდიოდა.

კვლევიდან ირკვევა, რომ საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება. პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში, ანტილიბერალური პარტიები მათ კონკურენტ ძალებს ხშირად "გეირევოლუციონერებად", "ლგბტ კოალიციად", "ლიბერასტ ურჯულოებად" მოიხსენიებდნენ და აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გეი-რევოლუციონერებსა და ეროვნულ ძალებს შორის უნდა გაეკეთებინა. 

რაც შეეხება დეზინფორმაციას, საანგარიშო პერიოდში "მითების დეტექტორმა" პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა.

"პატრიოტთა ალიანსი ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობების გასაღვივებლად იყენებდა. "ქართული მარში" იდენტობის დაკარგვის საფრთხეების გარდა, ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა.  ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი განცხადება კრემლისტურმა პარტიამ "პატრიოტთა ალიანსმა" გააკეთა; რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტური "ქართული მარში", - ნათქვამია კვლევაში.

NGO-ში აცხადებენ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სუბიექტების უმეტესობა ფიგურირებს სხვადასხვა დოკუმენტებში, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელდა: კერძოდ, ცენტრ "დოსიეს" ჟურნალისტური გამოძიება შეეხება კრემლთან დაკავშირებულ "პატრიოტთა ალიანსს", ხოლო ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიში - "ქართულ მარშსა" და პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ ცენტრს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია დავით-გარეჯის თემაზეც. 

"ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისფულებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ეხებოდა, რომელიც 7 საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებს და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება, ამ საფრთხეების განეიტრალებს ახდენს. კამპანიას სამართლებრივი პროცესიც ახლდა თან, რისი საფუძველიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტოპოგრაფიული რუკების მიწოდება გახდა", - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ სოციალურ მედიაში გამოვლენილი 31 ყალბი შინაარსიდან, ყველაზე მეტი (16) ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული, 8 შემთხვევა - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, 4 მანიპულაციური მასალა კი მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. 2 დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გავრცელდა, 1 კი - ტრამპის ქართველი მხარდამჭერი გვერდის მიერ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

"გამოვლინდა 56 ფეისბუკ ანგარიში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად მმართველ პარტიასთან იყო აფილირებული; ასევე 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული (9), ასევე ულტრანაციონალისტური/ანტილიბერალური (4) სოციალური მედიის ანგარიშები შედარებით მცირე იყო, თუმცა ამ ჯგუფების წარმომადგენლები პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ნაწილში დომინირებენ (22)", - ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გარკვეულ შემთხვევებში, კრემლის პროპაგანდის მსგავსად, შიდაპოლიტიკურ დისკურსში სახელისუფლებო ანგარიშები რელიგიური და სექსუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულირებას მიმართავდნენ.


close დახურვა