იურიდიული ფირმა MKD ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ Credit Suisse-ის ტრასტები "უკვე საკმაო ხანია" აღარ პასუხობენ ივანიშვილის წარმომადგენლების წერილებსა და კითხვებს.
"კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან- ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.
შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში"- ნათქვამია განცხადებაში.
***
9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს.
სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა.
ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა.
ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".
ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.
11 მაისს, Credit Suisse-მა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.