logo
ENG



Meta-მ წაშალა რუსეთიდან მართული ანგარიშები, რომლებიც კანონის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებდნენ

15 აგვ 202420:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/z75n85qi28q8y33.jpeg

Meta-მ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები, რომლებიც რუსეთიდან იყო მართული. 

როგორც Meta-ს ანგარიშშია აღნიშნული, წაშლილია რუსეთიდან მართული კოორდინირებული არაავთენტური ქსელები, კერძოდ, Facebook-ის 76 ანგარიში და 30 გვერდი, ასევე Instagram-ის 11 ანგარიში.

Meta-ში ამბობენ, რომ "ოპერაცია" მიმართული იყო ფიქციური ახალი ამბების ვებგვერდების აღმოჩენისკენ. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს ვებგვერდები ფუნქციონირებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის YouTube, Telegram და TikTok პლატფორმებზე.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ წაიშალა ვებ-გვერდები, რომლებიც რუსული კანონის პროტესტზე წერდნენ, აკრიტიკებდნენ პროტესტის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას - ქართულ ოცნებას.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, წაშლილი ქსელი სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებდა და რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს წერდა, აზერბაიჯანში კი - აკრიტიკებდნენ დასავლეთს.

Meta-ს თანახმად, ამ ანგარიშის წერის პერიოდში ეს ფიქციური ვებგვერდები აგრძელებდნენ მუშაობას და "ნიუსების" წერას ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ანგარიშის თანახმად, ქსელის უკან მდგომი პირები Meta-ს აპლიკაციებში იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომლებიც გამოძიების დაწყებამდე იყო აღმოჩენილი და წაშლილი პლატფორმის მიერ.

Meta წერს, რომ ანგარიშების რეკლამაზე დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი იხარჯებოდა.

Meta-ს ამ გამოძიების ჩატარებაში საქართველოდან სამართლიანი არჩევნები - ISFED დაეხმარა. ანგარიში Facebook-ზე ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ გამოაქვეყნა.


close დახურვა