კომპანია Microsoft-ის განცხადებით, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე კვლავ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსი ჰაკერების ჯგუფი, რომელმაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანია დაჰაკა, მომავალი არჩევნების კიბერთავდასხმაში ისევ მონაწილეობენ.
გარდა ამისა, Microsoft-ში ამბობენ, რომ რუსმა ჰაკერებმა Strontium-ის გუნდიდან 200-ზე მეტ ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში, რომელთაგან დიდი ნაწილი დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან.
კიბერთავდასხმის საფრთხის ქვეშ არის როგორც მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისე მისი მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი.
ჯგუფი Strontium-ი ცნობილია ასევე, როგორც Fancy Bear, რომელიც დაკავშირებულია რუსულ სამხედრო სამსახურებთან, "გრუ"
-სთან.
რაც შეეხება ჩინელ ჰაკერებს, მათ იერიში მიიტანეს ჯო ბაიდენის კამპანიაზე, მაშინ როდესაც ირანელი ჰაკერების მთავარი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ადამიანები არიან.
Microsoft-ში ამბობენ, რომ კიბერთავდასხმების უმეტესობა წარმატებული არ იყო და არ უკავშირდებოდა უშუალოდ ხმის მიცემის სისტემას.
ცნობისთვის, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკოსების ნაწილი, ასევე სადაზვერვო უწყებები, ამტკიცებდნენ იმას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზე კიბერთავდასხმა გახორციელდა. საუბარია დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელზე, ჰილარი კლინტონზე. აღსანიშნავია, რომ თავდასხმის სამიზნე პირადად კლინტონის გახდა. კიბერთავდასხმის დროს დაიჰაკა მისი იმეილი.
აშშ-ს სადაზვერვო უწყებები აცხადებდნენ, რომ რუსი ჰაკერები ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ჩაშლას ცდილობდნენ.