logo
ENG



NAEC-ის მტკიცებით, სასამართლოს არ დაუვალებია, რომ აბიტურიენტისთვის ახალი გამოცდა დაენიშნათ

29 აგვ 202312:47
3 წუთის საკითხავი
 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (NAEC) კვლავ ამბობენ, რომ აბიტურიენტისთვის, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, დამატებითი გამოცდა არ დაინიშნება.

ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის მტკიცებით, სასამართლოს განჩინებაში არ ეწერა, რომ აბიტურიენტისთვის "ახალი გამოცდა დაეორგანიზებინათ", ხოლო დამატებითი გამოცდა ისტორიაში კი უკვე ჩატარებული იყო.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლის აღსრულება, რა თქმა უნდა, სავალდებულოა. ჩვენ ყველა სხვა შემთხვევაში ვასრულებთ ამ განჩინებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო არააღსრულებადი, ვინაიდან 28 ივლისს დაგვევალა ჩვენ 25 ივლისს ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე დაშვება. ჩვენ გავაპროტესტეთ ეს განჩინება, ჯერჯერობით სხვა ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვითხრა, რომ უნდა ჩაგვეტარებინა და დაგვეორგანიზებინა ახალი გამოცდა, მან გვითხრა, რომ დაუშვით ისტორიის დამატებით გამოცდაზე, ისტორიის დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარებული იყო"- ამტკიცებს გორგოძე.

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი აბიტურიენტი  ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. მას ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.

PHR-ის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე, თუმცა 2 აგვისტოს ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

16 აგვისტოს, NAEC-ს ომბუდსმენმა მიმართა, რომ აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდა დაინიშნოს. 

მოგვიანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.


close დახურვა