NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები არქტიკულ წრეში, სახელად Cold Response ნორვეგიაში მარტში დაიწყება.
ამგვარი წვრთნები ყოველ მეორე წელს იმართება. წელს მასში მონაწილეობას 28 ქვეყნის 35 000 სამხედრო მიიღებს. წვრთნებში ალიანსის ქვეყნების გარდა პარტნიორი ფინეთი და შვედეთიც ჩაერთვებიან. მონაწილეობას მიიღებს ამერიკული ავიამზიდი "USS Harry S Truman"-იც. წვრთნების ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ნორვეგიაში გაიმართება.
Cold Response ნორვეგიის ხელისუფლების მიერ ბოლო 40 წლის განმავლობაში ორგანიზებულ სამხედრო წვრთნების ნაწილია. 2020 წელს იმავე აქტივობაში მონაწილეობა 10 ქვეყნის 16 000-მა სამხედრომ მიიღო. მათი მცირე რიცხვი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
წლევანდელი Cold Response-ს მიზანი საზღვაო და სახმელეთო ოპერაციებში ვარჯიში იქნება, ასევე მიწაზე დაშვების ოპერაციები, რაც მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებს.
Cold Response არის გამაერთიანებელი სავარჯიშოები NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის. აღსანიშნავია, რომ წვრთნებისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყო და ეს არაა პირდაპირ კავშირში რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებასთან. თუმცა, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი შესაძლოა არქტიკის ნაწილსაც შეეხოს, ვინაიდან რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღების სისტემა კოლის ნახევარკუნძულზეა განლაგებული.
ნორვეგიამ ამ მასშტაბური წვრთნების შესახებ შეატყობინა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებად მოიწვია ეუთოს (OSCE) ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც.
ამით ნორვეგია იცავს ვენის დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ეუთოს (OSCE) ქვეყნებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნდობის შემქმნელ ზომებს სამხედრო საქმიანობაში.