logo
ENG



NATO-ს ოფიციალური პირი ანაკლიაზე: ჩინეთი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენას ეძებს

29 მაი 202419:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/tjvf6gkjtoss3sg.jpg

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს დირექტორი, რიკარდ იოზვიაკი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირის განცხადებას ავრცელებს. 

იოზვიაკის ცნობით, NATO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდი ხანია რაც საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. 

"გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ხელისუფლების საქმეა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენას დიდი ხანია ეძებს. შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება", - იოზვიაკის თანახმად, განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა. 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა.

დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.

***

მარტში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით "კონკრეტული სამუშაოების" ივნისიდან დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.

 

close დახურვა