logo
ENG



NATO-ს სამიტის მთავარი ფოკუსი უკრაინის პოტენციური გაწევრიანებაა

11 ივლ 202317:25
3 წუთის საკითხავი
 

ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. დღის წესრიგის მთავარი თემა ალიანსში უკრაინის პოტენციური წევრობაა. სამიტის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ჯერ მზად არაა NATO-ს წევრი გახდეს, რადგანაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება.

ამავე დროს, NATO ასრულებს მუშაობას კომუნიკეზე, რომელშიც წევრი სახელმწიფოები "ფორმულირებებს ათანხმებენ". თუმცაღა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც დღეს ვილნიუსში ელოდებიან, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის დათანხმდა შემოთავაზებულ ფორმულირებას NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მომავალი შესაძლებლობის შესახებ. ამავე დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ "იხილავთ ფორმულირებებს რამდენიმე საათში, რადგანაც ახლა ვასრულებთ მუშაობას კომუნიკეზე". მანამდე მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ სამიტი უკრაინას "პოზიტიურ და ძლიერ სიგნალს" გაუგზავნის.

თავისი უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წევრობასთან დაკავშირებული "გაურკვევლობა" რუსეთისთვის "ტერორის გაგრძელების" მოტივაციაა.

"უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც NATO-ს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც მისი NATO-ს წევრად ქცევისთვის", - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.

სამიტის დაწყების პარალელურად ცნობილი გახდა საფრანგეთის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, პარიზი კიევს შორი მანძილის რაკეტებს - Storm Shadow-ს გადასცემს, რათა მის კონტრშეტევას დაეხმაროს.

"სიტუაციისა და უკრაინის კონტრშეტევის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ უფრო შორი დარტყმები და ამასთანავე შევინარჩუნოთ ჩვენი დოქტრინის სიცხადე და თანმიმდევრულობა - ანუ უკრაინას მივცეთ საშუალება, დაიცვას თავისი ტერიტორია" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სამიტამდე ერთი დღით ადრე, 10 ივლისს მნიშვნელოვანი იყო თურქეთის გადაწყვეტილება, დათანხმდეს ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას. მანამდე ანკარა თვეების განმავლობაში ბლოკავდა სტოკჰოლმის სურვილს. მეორე დღეს კი შვედეთის წევრობას უნგრეთმაც მწვანე შუქი აუნთო.


close დახურვა