logo
ENG



NATO-ს წარმომადგენელი: ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით

13 დეკ 202109:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/13/9uccwit1nj4uta0.jpg

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ტვიტერზე ეხმაურება რუსეთის საგარეო სამინისტროს მოთხოვნას NATO-ს მიმართ, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში შესვლის გადაწყვეტილება. კოლომინა წერს, რომ NATO 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

"რუსეთს სურს, რომ საქართველოსა და უკრაინას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არჩევანი უკრანახოს, როგორც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში თქვეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით" - წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ტვიტერზე.

კოლომინა ავრცელებს პრეს-რელიზიდან ამონარიდს, რომლის თანახმად შეკითხვაზე თუ რას ფიქრობს რუსეთის განცხადებაზე საქართველოსა და NATO-ს უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პასუხობს - "ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა, ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის მცდელობას ქონდეს გავლენები".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს გააუქმოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე.

"ევროპული უსაფრთხოების საფუძვლიან ინტერესში უნდა იყოს, რომ დაუყონებლივ გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წევრი ქვეყნების ვალდებულებასთან არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება, სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე" - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მხარი დაუჭირეს დეკლარირებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას, რომ გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში შესვლის გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს. ზალკალიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაისინჯება და თავად NATO-სა და საქართველოს გადასაწყვეტია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.


close დახურვა