NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულები არიან რუსეთის ფართომასშტაბიანი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ფორმირებით უკრაინასა და ბელორუსში და მის გარშემო.
"დაჟინებით და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების მობილიზება და სამხედრო ძალები უკრაინიდან გაიყვანოს, მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". - ნათქვამია განცხადებაში.
ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განცხადებით, ისინი რჩებიან რუსეთის მიმართ ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შერწყმული დიალოგისადმი ღიაობასთან.
ამასთან, როგორც ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას.
"შედეგად და ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს, როგორც ამის შესახებ მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას
ჩვენი ერთგულება ნატოს წესდების მე-5 მუხლის მიმართ რკინასავით მტკიცეა. ჩვენ გაერთიანებულები ვართ ერთმანეთის დასაცავად. ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგულად, იმ პრინციპის ჩათვლით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრები მიუთითებენ, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს მიმართ ნებისმიერი სახის შემდგომ აგრესიას მოჰყვება მძიმე უარყოფითი შედეგები და მას ძვირად დაუჯდება და რომ NATO გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან.
"NATO და მისი მოკავშირეები აგრძელებენ რუსეთთან დიპლომატიისა და დიალოგის გზების ძიებას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმანდიული ფორმატის ძალისხმევას, განხორციელდეს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები.
ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, ჩავერთოთ ევროპული უსაფრთხოების განახლებულ დიალოგში, რომელიც ინიცირებულია პოლონეთის, როგორც ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარის მიერ.
ჩვენ რუსეთს მივმართეთ არსებითი წინადადებებით ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ერის გაძლიერების შესახებ, ველოდებით პასუხს. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ დიალოგი NATO-რუსეთის საბჭოს ფორმატის ფარგლებში და ვაგრძელებთ ამ შეთავაზების გაკეთებას, და მზად ვართ შემდგომი ჩართულობისთვის.
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატია და დეესკალაცია". - წერია განცხადებაში.