logo
ENG



NATO: უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა

24 მარ 202213:21
3 წუთის საკითხავი
 
NATO: უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა
EPA-EFE

NATO-ს სამხედრო ოფიცრების ინფორმაციით უკრაინაში ომის 1 თვის განმავლობაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.

შედარებისთვის, საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის ომში 10 წელში ჯამში დაახლოებით 15 000 სამხედრო დაკარგა. 

აშშ-ისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკიც აცხადებენ, რომ უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი ბევრად აღემატება ჩეჩნეთის ომში რუსეთის დანაკარგებს. 

NATO-ს ოფიცერი ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 7 000-დან 15 000-მდეა, თუმცა სავარაუდოა რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია. ეს გამოთვლები ეფუძნება უკრაინისა და რუსეთისგან მიღებულ მონაცემებს, ასევე ღია წყაროს ინფორმაციას.

„ეს დაახლოებითი გამოთვლა ეფუძნება იმას, რასაც უკრაინელები გვიყვებიან, რასაც რუსებისგან ვიგებთ მიზანმიმართულად თუ მათი შეცდომების ხარჯზე, ვინაიდან ომში შეცდომები ხდება და დაზვერვაში ჩვენ გვყავს ღია წყაროები. ჩვენი გამოთვლებით რუსებმა 7 000-დან მაქსიმუმ 15 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

სტატისტიკურად კონფლიქტებში, როცა 1 დაღუპული ჯარისკაცი გყავს, საშუალოდ დაჭრილია 3 სამხედრო, ამიტომ ამ რიცხვს თუ გავაოთხმაგებთ, მე ვიტყოდი, რომ დანაკარგი 30 000-დან 40 000-მდეა. დანაკარგებში ვგულისხმობ შეტაკებისას დაღუპულებს, დაჭრილებს, ომის ტყვეებს, რადგან არ ვიცით რა დაემართათ ამ ჯარისკაცს“, - განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა.

24 თებერვალს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი ომის დაწყებიდან 1 თვე გავიდა. მოსკოვის სამხედრო ძალების მოქმედება უკრაინის მიწაზე შენელებულია, უკრაინული დანაყოფები კი საპასუხო შეტევებს წარმატებით ახორციელებენ.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 6 რუსი გენერალი დაიღუპა, რუსეთი კი თავის მხრივ მხოლოდ 1 გენერლის დაღუპვას აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ჯარები სამიზნეებს შორი დისტანციიდან ესვრიან და იყენებენ იმ ტაქტიკას რასაც სირიასა და ჩეჩნეთში მიმართავდნენ - ქალაქებს მიწასთან ასწორებენ.

 

close დახურვა