საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები გამოვლინდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ვირუსის ინდური შტამი ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურს დაუდასტურდა.
"ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით", - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.
"ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ინდური შტამი ბოლო მონაცემებით მსოფლიოს 52 ქვეყანაშია გავრცელებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ავტორიზებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტურია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, ინდური შტამის წინააღმდეგ, რომელიც ჯანმო-ს მიერ ყველაზე "საფრთხილოდ" არის შეფასებული.
ავტორიზებულ ვაქცინებს შორისაა: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი და სინოფარმი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 125 601 ადამიანია აცრილი.