ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ავტორიზებული კოვიდ19-ის ვაქცინები ეფექტურია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, ახლახანს აღმოჩენილი ინდური შტამის წინააღმდეგ.
საქმე ეხება კორონავირუსის B.1.617 შტამს, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა და რომელიც ჯანმო-ს მიერ ყველაზე "საფრთხილოდ" არის შეფასებული.
ინდური შტამი ამ დრომდე ევროპის რეგიონში 53-დან 26 ქვეყანაშია გამოვლენილი - ამ დრომდე არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ინდური შტამი მეტად გადამდებად მიიჩნევა.
"ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა კორონავირუსის ამ დრომდე აღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
ამ დრომდე ჯანმო-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორისაა: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი და სინოფარმი.
პარალელურად, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს 19 მაისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნები სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილ პირებს საზღვარზე შეუშვებენ - ამ დროისთვის, ევროპის წამლის სააგენტოს აღიარებული აქვს ფაიზერ-ბიონტექის, მოდერნას, ასტრაზენეკასა და ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინები.
ვაქცინები, რომელთაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა ავტორიზაცია გადაუდებელი გამოყენებისათვის, ასევე შეიძლება, დაუშვას ევროკავშირმა. ჩინური მწარმოებლების, სინოფარმისა და სინოვაკის დაშვებაზე გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.