დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
როგორც NCDC-ს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მომხდარს გმობენ.
"ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.
თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.