თბილისში, 20 საბავშვო ბაღში გამოვლენილი ინტოქსიკაციის შემთხვევების შესწავლისას ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობის დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.
ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა ამ ეტაპზე კეთილსაიმედოა - არცერთ მათგანს მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება არ მოჰყოლია, ბავშვების უმრავლესობა კი გამოჯანმრთელების ფაზაშია.
„კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
უწყების განმარტებით, ნოროვირუსს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება ახასიათებს. როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1–3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვისას მნიშვნელოვანია სითხის აღდგენა, კვების რეჟიმის დაცვა და მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის კი ცენტრი ხელების საპნით დაბანასა და დაბინძურებული ზედაპირების დამუშავებას ურჩევს.
ბაღებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, პირველივე ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთნენ.
ცნობისთვის, თბილისში მდებარე 20 საბავშვო ბაღში ინტოქსიკაციის ნიშნები 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს გამოუვლინდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას გულისხმობს.
