ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კორონავირუსის პანდემიის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკთხვის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მთავარი საგანი კორონავირუსი და დეზინფორმაცია იყო.
გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 32%-მა არ იცის, საიდან გაჩნდა კორონავირუსი, 3% მიიჩნევს, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს. 30%-ს მიაჩნია, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და მიზანმიმართულად გავრცელდა. 22% ეთანხმება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა, ოღონდ შემთხვევით გავრცელდა, ხოლო 13% ფიქრობს, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა.
მოსახლეობის 19% ამბობს, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად ხალხური მედიცინის რომელიმე საშუალებისთვის მიუმართავს. 78% ამბობს, რომ ასეთი მეთოდისთვის არ მიუმართავს.
როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ რწმენა იცავს მისი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 38% .
მოსახლეობის 46% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს. საპირისპირო მოსაზრება აქვს 38%-ს. ხოლო 15%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
თეორიას, რომ კორონავირუსსა და 5G ტექნოლოგიებს შორის კავშირი არსებობს, მოსახლეობის მხოლოდ 10% იზიარებს, 45% კი - არ ეთანხმება. 16%-ს საერთოდ არ სმენია 5G-ს შესახებ. კითხვაზე პასუხი არ აქვს 30%-ს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთაგან მართლმადიდებლების მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.
ამასთან, მოსახლეობის 66% ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის.
კვლევის საველე სამუშაოების პერიოდი 26-30 ივნისია. კვლევის ფარგლებში 1 550 რესპოდენტი გამოიკითხა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა.