NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
2022 წლის აგვისტოში მოსახლეობის 51% არსებული მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებდა, 41% კი კარგად.
თბილისის მოსახლეობის 60% აცხადებს, რომ მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. მსგავსია მაჩვენებელი დიდი ქალაქების შემთხვევაშიც, მათი მოსახლეობის 59% ამბობს, რომ არსებული მთავრობა ცუდად მუშაობს.
პატარა ქალაქების მოსახლეობის 49%, სოფლების მოსახლეობის 44%, ხოლო უმცირესობათა დასახლებებში მოსახლეობის 38% მთავრობის საქმიანობას ასევე უარყოფითად აფასებს.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ყველაზე უარყოფითად მთავრობის საქმიანობას 18-34 წლის ადამიანები აფასებენ - 57%. ტენდენცია ასაკის მატებასთან ერთად იკლებს - მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 35-54 წლის ადამიანების 49%, ხოლო 55+ ადამიანების 47% აფასებს.
NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 27% აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხარდამჭერია, 24%-მა თქვა, რომ მხარს ოპოზიციას უჭერს, 50%-მა კი პარტია არ დაასახელა.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.