NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 51 პროცენტის აზრით, ქვეყანაში ამჟამად დემოკრატია არ არის. დადებითი პასუხი 35-მა პროცენტმა გასცა, ხოლო 13-მა პროცენტმა არ იცის.
ამასთან, 49 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 23 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 19 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ საერთოდ არ იცვლება.
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით.
საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.