logo
ENG



NDI: უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობამ EU-ს სტატუსისთვის საკმარისი არ გააკეთა

16 სექ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/qtdowr2ljonuam0.jpg

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62%-ს სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა, უკრაინას და მოლდოვას კი კანდიდატის სტატუსი.

მათგან ვისაც სმენია ამ გადაწყვეტილებაზე 56% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის 71%-ისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს შეასრულებს.

მსგავსია მაჩვენებლები ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე. 70% აცხადებს, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ, თუმცა ხელისუფლებიდან პროცესში ოპოზიციური პარტიების ჩართვას 35%, სამოქალაქო საზოგადოებისას კი მხოლოდ 34% ელის.

“მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ივნისის მოვლენებს ევროინტეგრაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს, საქართველოს მოსახლეობის გზავნილი ნათელია: ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. ამ საკითხზე საქართველოს მოქალაქეების თანმიმდევრული შეხედულებები პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ მათ საკუთარი ძალისხმევა ქართველი ხალხის ამ ურყევი სურვილის ასრულებისკენ მიმართონ.

მოსახლეობამ, ასევე, ნათლად დააფიქსირა სურვილი იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემების მოსაგვარებლად,მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საკითხები ყურადღების ცენტრში მოექცეს.” - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. 

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.


close დახურვა