როგორ შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას - ამ შეკითხვით მიმართა “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ახალი კვლევის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას. შედეგები ჯარი, ეკლესიის, პოლიციის, სასამართლოსა და პარლამენტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას აფასებს.
საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. 40%-ს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანო ცუდად მუშაობს.
რაც შეეხება სასამართლოს, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9% თვლის, რომ ეს ინსტიტუტი საკუთარ მოვალეობას კარგად ასრულებს. სასამართლო სისტემის მუშაობით უკმაყოფილო კვლევის თანახმად 31%-ია.
პოლიციის მუშაობით გამოკითხულთა 37% კმაყოფილია, 15% კი თვლის, რომ სამართალდამცველები ცუდად მუშაობენ.
რაც შეეხება ეკლესიას, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ეს ინსტიტუტი კარგად მუშაობს, 10% კი მისი საქმიანობით უკმაყოფილოა.
მუშაობაში ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ჯარმა მიიღო. გამოკითხულთა 44% თვლის, რომ ჯარი ასრულებს საკუთარ მოვალეობას, უკმაყოფილო კი მხოლოდ 9%-ია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.