არასამთავრობო ორგანიზაციები - საია, მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა ადამიანის უფლებების დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით განახლდა, რაც დაუშვებელია.
მათი განცხადებით, ის, რომ ხეობაში მობილიზებულია საპოლიციო ძალა, რომელმაც გადაკეტა პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა, ხოლო გუშინ, 3 აპრილს დაახშეს ინტერნეტი, უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
ორგანიზაციები წუხილს გამოხატავენ იმის გამოც, რომ კომპანია ენკას ახალი მენეჯერი, მერაბ ლომინაძე ნამახვანში პოლიციის თანხლებით ჩავიდა და თქვა, რომ სამუშაოები გაგრძელდება.
"ხელისუფლებამ ამ ქმედებით ასევე დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობისადმი საჯაროდ მიცემული პირობა, რაც ყველა შეკითხვასა და წუხილზე პასუხის გაცემის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განახლებას გამორიცხავდა. სახელმწიფო არ ელოდება არც ამ საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვას". - წერია განცხადებაში.
მათი შეფასებით, "სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს".
NGO-ები მიუთითებენ, რომ "ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ საჯარო მდგრადი ინტერესების და სიკეთეების დაცვაზე ორიენტირებული მოდერატორის როლი იკისროს, რაც სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარეობს, სახელისუფლებო აპარატი დღეს სრულად კერძო ინტერესის მხარეს დგება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით.
თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო".
ორგანიზაციები სრულად იზიარებენ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას და დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფოს მცდელობას, მიმდინარე მოვლენები მოსახლეობასა და მშენებელ კომპანიას შორის არსებულ დაპირისპირებად წარმოაჩინოს და ამით თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა.
ისინი მოუწოდებენ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა;
საქართველოს მთავრობას:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;
- პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე;
საქართველოს სახალხო დამცველს:
- შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.