logo
ENG



NGO-ები უწყებებს: გააკეთეთ ყველაფერი ირაკლი ბებუას ფუნდამენტური უფლებების დასაცავად

09 დეკ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

EMC აცხადებს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუასთვის ე.წ სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. 

ორგანიზაცია ამბობს, რომ შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ირაკლი ბებიას ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. 

ორგანიზაციები EMC და უფლებები საქართველო თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური ზომა, რათა ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის პროცესს. ასევე, უზრუნველყონ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გალში აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე დააკავეს. ირაკლი ბებუას თქმით, ეს ქმედება იყო პროტესტის გამოხატვის სიმბოლურ ფორმას აფხაზებისა და ქართველების დაყოფის ფაქტთან დაკავშირებით.

EMC და უფლებები საქართველო ხაზს უსვამენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის იურისპრუდენციაში მსგავსი ქმედება გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ექცევა.

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პოლიციამ, სახლის ჩხრეკის დროს ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ირაკლი ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ირაკლი ბებუა ბრალდებას უარყოფს. 

ორგანიზაციების შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის უწყებების მიზანი მისთვის ბრალის და მოსალოდნელი სასჯელის დამძიმება იყო. ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დაახლოებით ორ თვის შემდეგ, 2020 წლის 7 დეკემბერს გალის რაიონულმა სასამართლომ მოსამართლე დენის აშუბას თავმჯდომარეობით ირაკლი ბებუას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ( (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334-ე მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების  აღკვეთა და და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 15 დღის ვადაში შესაძლებელია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში.

EMC და უფლებები საქართველო საყურადღებოდ მიიჩნევენ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან მას ჯერ კიდევ დაკავებამდე გამოხატული ჰქონდა ქრონიკული დაავადებები. 

"ადამიანის უფლება ევროპული სასამართლოს განმარტებით, მაშინაც კი, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს არა აქვს შესაძლებლობა, ხელისუფლება განახორციელოს თავისი ტერიტორიის მთლიან ნაწილზე de facto არსებული სიტუაციის გამო, როგორიც წარმოიქმნება სეპარატისტული რეჟიმის შექმნის შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის მეორე სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, ამით კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია არ წყვეტს მოქმედებას ტერიტორიის ასეთ ნაწილზე.  მიუხედავად ამისა, ასეთი ფაქტობრივი სიტუაცია ამცირებს აღნიშნულ იურისდიქციას, ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პოზიტიური ვალდებულებით მოწმდება. სასამართლოს თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უნდა ეცადოს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალებებით, გააგრძელოს კონვენციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მართალია, სასამართლოს არა აქვს უფლება, მიუთითოს სახელმწიფოებს და ხელისუფლების ორგანოებს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული იმისათვის, რომ ყველაზე ეფექტურად შესრულდეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მაგრამ სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რომ ღონისძიებები შესაფერისი და საკმარისია კონკრეტულ საქმეში. 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით „უფლებები საქართველო“ და EMC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

გამოიყენოს ყველა გონივრული პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის მიზნით. მათ შორის, ეს საქმე გახადონ ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა არაფორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ფარგლებში პრიორიტეტული განხილვისა და გადაწყვეტის საგანი;

ირაკლი ბებუას პატიმრობის პერიოდში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ხელმომწერები ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად გამოიყენონ როგორც  ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები". - წერია განცხადებაში. 


close დახურვა