არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას საქმის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და პროკურატურას მიმართავენ, არ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით, სასამართლოს კი მოუწოდებენ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე.
ორგანიზაციები დეტალურად მიმოიხილავენ ნიკა მელიას წინააღმდეგ 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე პროცესს და რამდენიმე გარემოებას გამოკვეთენ, რომელიც, მათი შეფასებით, შერჩევითობაზე მიანიშნებენ.
"ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს", - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
NGO-ები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პროცესში პარლამენტის დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის მოწოდებები არ გაითვალისწინეს.
"საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, გაუმჭვირვალე პროცესით, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პროკურატურისთვის თვითმიზანს არ უნდა წარმოადგენდეს. ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე გირაო ორჯერ შეუფარდეს, გაზრდილი გირაო მელიამ არ გადაიხადა, თუმცა არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ აღკვეთის ღონისძიების დარღვევა პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.
"მით უფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია", - აცხადებენ ორგანიზაციები, - "დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს".
არასამთავრობოები მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებენ და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.
"ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი", - ვკითხულობთ განცხადებაში, - "შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება".
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელია სწორედ ამ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება.
2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.
ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.
ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.