არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეების კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სახელმწიფოს მიერ უხეშად ირღვევა.
"168 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.
მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან.
მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის - ანუ უკლებლივ ყველასთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; უფლებები საქართველო; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავშირი “საფარი”; შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო; ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG); Სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).