არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის წარსადგენად ემზადებიან. მათი თქმით, თუ ის დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოში არ იმოქმედებს, სტრასბურგსაც მიმართავენ.
NGO-ები ამბობენ, რომ რუსული კანონის წესებით ცხოვრებას არ აპირებენ და ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ მასთან საბრძოლველად.
"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივი ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს, მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს", - განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
ორგანიზაციები საქართველოში მოქმედ სხვა NGO-ებსა და იმ მედიებს მიმართავენ, რომ შეუერთდნენ ბრძოლას.
"ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს, კი ევროპას".