logo
ENG



NGO-ები: ოცნების გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს

28 ივლ 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები: ოცნების გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება მზადაა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი და დემოკრატიული განვითარება შეწიროს

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და  ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement)
  • "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • საფარი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • ევროპის ფონდი (EPF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • უფლებები საქართველო (RG)

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.


close დახურვა