logo
ENG



NGO-ები: საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილება

21 ივნ 202115:58
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები: საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ ახლა, როცა სასამართლო რეფორმის შედეგების მიმართ იმედგაცრუება ნათელია, აუცილებელია რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებებიც. 

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება 2013-2021 წლების საკანონმდებლო ცვლილებებს ახასიათებს, როგორც სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის მოჩვენებით და არასრულფასოვან მცდელობად, რომელმაც, საბოლოო ჯამში, რეალური და სისტემური ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური გარდაქმნის იმიტაცია შექმნა.

"2012 წელს ხელისუფლების ცვლილება კარგი წინაპირობა იყო ძირეული რეფორმებისთვის, თუმცა, ბოლო 9 წლის განმავლობაში, პოლიტიკური ნების არარსებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ვერ უზრუნველყო ქართული კონტექსტისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან გამკლავება: კერძოდ, რეფორმამ ვერ იმოქმედა რეალური ძალაუფლების და ფაქტობრივად არსებული გავლენის ჯგუფების როლზე სასამართლო სისტემაში. შედეგად მივიღეთ კლანური მმართველობა, სადაც მოსამართლეთა გავლენიანი მცირე ჯგუფი, სასამართლო სისტემას მართავს არა მართლმსაჯულების, არამედ პირადი ინტერესების შესაბამისად".- აცხადებენ ორგანიზაციები. 

აქედან გამომდინარე, კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას. 

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო - პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე უნდა აირჩიოს 5 არამოსამართლე წევრი. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები. მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იარსებებს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთხმიან არამყარ უპირატესობას დაუტოვებს;

  • მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურა - საბჭო ამ გადაწვეტილებას უნდა იღებდეს ორმაგი 2/3-ის პრინციპით (ამ პრინციპის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა). კონსენსუსის ლოგიკა უნდა გაძლიერდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ეტაპზეც. უნდა შემოვიდეს ბილატერალური დანიშვნის პრინციპი. ეს ოპოზიციის თანხმობის გარეშე საკასაციო ინსტანციის დაკომპლექტებას გამორიცხავს;

  • კლანური მმართველობის პოლიტიკური შეფასება პარლამენტის მიერ - უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მოამზადებს დასკვნას კლანური მმართველობის შესახებ, რომლის საფუძველზეც პარლამენტის მიიღებს რეზოლუციას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ;

  • სისტემის განახლება - მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურების რეფორმისა და პარლამენტის მიერ კლანური მმართველობის შეფასების შემდეგ, საჭირო გახდება არსებული მოსამართლეების ნაწილისთვის (რომლებიც უსამართლო წესით დაინიშნნენ თანამდებობაზე) ნდობის ხელახლა გამოცხადება შეცვლილი რეგულაციით და მაღალი კონსენსუსით.

"ამ პროცესის გავლის შემდეგ შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რომელიც მოიცავს ისეთ თემებზე მსჯელობას, რომელიც პროცედურული და სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელ საკითხებს უნდა მოიცავდეს". - აცხადებს კოალიცია. 


close დახურვა