logo
ENG



NGO-ები: სახელმწიფომ საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაიცვა

18 იან 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები: სახელმწიფომ საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაიცვა

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სანატორიუმ "ქართლში" სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია. ორგანიზაციები სანატორიუმი "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტსა და ერთ-ერთი დევნილის თვითმკვლელობას ეხმაურებიან.

უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილები აპროტესტებენ აქ არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებს. შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ბოლო კვირებში დევნილებს ჰქონდათ მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მათ განსახლებაზე, თუმცა წარმოდგენილი პირობები მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მოლაპარაკებების დროს ხელისუფლება დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ალტერნატიულ გზას სთავაზობდა: 1. საკუთარი რესურსით ბინის მოძიება თბილისში, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა. 2. ქირის თანხის მიღება და ქირით ცხოვრება მანამ სანამ სახელმწიფო მათთვის შესყიდული ბინების მშენებლობას დაასრულებდა.

"დევნილები ჩვენთან განმარტავენ, რომ შემოთავაზებული პირველი პირობა მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფო მათ უკვე ექსპლუატაციაში შესული ბინების წინასწარ შესყიდვას სთხოვდა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული თანხა (1. კვ.მ ფართზე 550 დოლარის ოდენობით) ამ მდგომარეობის ბინების შესაძენად, არასაკმარისი იყო. მეორე ალტერნატივის მიმართ კი დევნილებს უნდობლობა ჰქონდათ, რადგან მათი თქმით, სახელმწიფომ არ მისცა სამართლებრივი გარანტიები, რომ ბინის ქირას საკმარისი პერიოდით მიიღებდნენ. ამასთან, 300 ლარად ბინის ქირით მოძიება, (ბაზარზე არსებული ინფლაციის გათვალისწინებით) მათთვის რთული იქნებოდა. მით უფრო, რომ დევნილებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ გაუზიარებია ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ახალი საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას უახლოეს მომავალში დაადასტურებდა. ამ პირობებში დევნილები სახელმწიფოს ბინის დაუყოვნებლივ შეძენას და გადაცემას სთხოვდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

NGO-ები აცხადებენ, რომ დევნილების დიდი უმრავლესობა დღესაც არაადამიანურ პირობებში, საერთო საცხოვრებლებში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამასთან, დევნილთა ინტერესების წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაბალია.

"სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დევნილები დანახულნი არიან არა როგორც პოლიტიკური აგენტობის მქონე მოქალაქეები, არამედ ბენეფიციარები, რომელთა პოლიტიკის მართვისთვის მცირე ტექნოკრატიული სამუშაოებიც საკმარისია.

ცხადია, რომ დევნილების მიმართ ამგვარი პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც ვერ აჩვენებს კონფლიქტის მსხვერპლების მიმართ ჯეროვან მოპყრობას და მაღალ ინტერესს და გამოტოვებს იმ განსაკუთრებულ პოტენციალს, რომელიც დევნილებს ნდობის მშენებლობის და შერიგების პროცესში შეიძლება ჰქონდეთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში. ამასთან, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტზე მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით. გარდა ამისა, NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ფონდი "სოხუმი"
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

close დახურვა