არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.
გარდა ამისა, NGO-ები უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.
"ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე."
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.
გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც[14] მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით. დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.
ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
- საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;
- საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- მედიის ინსტიტუტი
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- დემოკრატიის მცველები
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო (DIG)
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- უფლებები საქართველო
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საფარი
- სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენი"
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
- საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- ქალთა ასოციაცია "გვირილა"
- ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - GARB
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC
- მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
- მედიაობმუდსმენი
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისათვის"
- მედიის განვითარების ფონდი
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ,,კანონის უზენაესობის ცენტრი“
- თბილისი პრაიდი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.