არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესს ხელი შეუწყონ.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებს ავრცელებენ.
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა, გალის რაიონში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს.
ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბებუა ე.წ სამართალდამცავმა უწყებებმა 30 სექტემბერს დააკავეს, მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ბებუას დე-ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, რომელიც 1 წლამდე პატიმრობით ისჯება, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებაში, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და იარაღის უკანონო შენახვას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ირაკლი ბებუას აღკვეთი ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და ის დღემდე სოხუმის იზოლატორში რჩება. განცახდებაში აღნიშნულია, რომ ბებუას ოჯახს დაკავებულთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვს და მის მიმართ მოპყრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაცია ამ დრომდე არ ფლობს.
EMC-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბებუას, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს და მისი ეფექტიანი დაცვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს.
პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში. ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
პლატფორმა სალამი
მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი