არასამთავრობო სექტორი უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ დაინიშნოს.
მესამე სექტორი ამბობს, რომ პროცედურა უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე, საზოგადოებას უნდა მიეცეს დრო კანდიდატთან დაკავშირებით დისკუსიისთვის.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომელმაც დღეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შეიტანა, ამბობს, რომ პროცესი ბრმა სივრცეში მიმდინარეობს.
"სულ რამდენიმე კვირის წინ, დღეს არსებული კანონმდებლობის პირობებში ჩვენ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა განხორციელდა დახურულად, ფარულად ისე, რომ პლენუმის წევრების ნაწილმა არც კი იცოდა ვინ იქნებოდა კანდიდატი. ეს დაადასტურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ 2 დღის წინ ჩვენთან გამართულ ღონისძიებაზე. პრაქტიკულად ბრმა სივრცეში უწევთ ხშირად პლენუმის წევრებს გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა სალაძემ.
პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი გია გვილავაც. ის მიიჩნევს, რომ ეს უზენაესი სასამართლოს მისამართით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
"მთავარი საკითხი აქ არის გაუმჭვირვალე პროცესი, რომელიც წინაზე ამ უზენაესმა ჩაატარა, როდესაც საზოგადოება საერთოდ გამორიცხული იყო ამ პროცესებიდან. ეს კითხვებს აჩენს. ვიცით ის მოტივები, რაც ამოძრავებს ამ პლენუმს. გასაგებია, რომ ისინი საკუთარ ინტერესებს გაატარებენ ან ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. იგივე პროცესი არის ახლაც. კანდიდატის შესახებ საერთოდ არაფერია ცნობილი. ესეთი პროცესი დიდ ზიანს აყენებს როგორც საერთო სასამართლოებს, პლენუმსაც და ნდობას უკარგავს უზენაესი სასამართლოს მიმართაც", - განაცხადა გვილავამ.