logo
ENG



NGO-ები ოცნებასა და ოპოზიციას: დაიწყეთ მოლაპარაკებები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად

09 ნოე 202011:00
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/k121nijklz6gt80.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნები (ISFED) მოუწოდებენ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები.

"მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს", - აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებზე კიდევ ერთხელ აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. 

"არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე  და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების  სიმრავლით. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, ხოლო ამ პრობლემების ფონზე, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შედეგების გადათვლის შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი და მთელი რიგი სხვა გარემოებები საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების სანდოობასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს", - აცხადებენ არასამთავრობოები.

ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. 


close დახურვა