logo
ENG



NGO-ები პარლამენტს: შეიქმნას კომისია META-ს ანგარიშში დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად

04 მაი 202317:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/ne8e2fb5lb29lph.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები Facebook-ის მიერ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების წაშლის შემდეგ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, META-ს ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

NGO-ები აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ოპერაციებშია ჩაბმული.

ორგანიზაციების თქმით, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. სამართლიანი არჩევნების მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.

NGO-ები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა.

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული.

ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“ - წერია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

  1. ევროპულ ქართული ინსტიტუტი - EGI

  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI

  3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი - GMC

  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

  5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

  6. ღია სივრცე კავკასია - COS

  7. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

  8. ფრანკლინის კლუბი 

  9. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

  10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  11. IWPR საქართველო

  12. აი, ფაქტი - Ifact

 

Facebook-მა 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში წაშალა.

როგორც შიდა გამოძიებით დადგინდა, მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.

"სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებასრომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული.

ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში. ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.

 

close დახურვა