logo
ENG



NGO-ები ღარიბაშვილის ფრენაზე: დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

10 სექ 202314:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/02sbx9shf549i0i.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას აქვეყნებენ და მოითხოვენ, ღარიბაშვილის მიერ კერძო მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსების შესაძლო გამოძიების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

NGO-ების განცხადებით, ღარიბაშვილის ყოველთვიური ხელფასის და 2022 წლის დეკლარაციის გათვალისწინებით, საინტერესოა, რა არის პრემიერმინისტრის ფინანსური წყარო. ასევე, აღნიშნავებ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღარიბაშვილისა და მისი ოჯახების წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების ეჭვებს იწვევს.

"კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს [...] ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები", - აღნიშნავენ ისინი.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან საია, საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი და დემოკრატიის მცველები. 

***

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

გუშინ TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.

TV პირველის სიუჟეტს დღეს სტრატომის მორიგი განცხადება მოჰყვა, სადაც ისევ ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილი მგზავრობის ხარჯები ბიუჯეტიდან არ დაფარულა. 

 

 


close დახურვა