სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობას წყვეტენ და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ. NGO-ები ამ მიმართლებით პარლამენტთან 2015 წლიდან თანამშრომლობდნენ.
როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით. მათი თქმით, ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება - საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელთანაც არსებობს საკონსულტაციო ჯგუფი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების შემადგენლობით.
"ჩვენ წლების განმავლობაში, კანონმდებლებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ვმუშაობდით და მხარს ვუჭერდით რეფორმებს, რომლებიც მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს. რეფორმები განხორციელდა საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.
დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდეგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებით, ამ რეფორმების განხორციელებით, ღია მმართველობის პარტნიორობის საკმაოდ დიდ თანამეგობრობაში საქართველო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, ასევე, პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ეს წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი იყო მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის.
"ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია", - ნათქვამია განცხადებაში.
NGO-ების თქმით, მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ პარლამენტთან, მხარს უჭერდნენ და ფინანსურ დახმარებას უწევდნენ საპარლამენტო რეფორმების განხორციელებას, საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება იყო.
"მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში", - აცხადებენ NGO-ები.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები იყვნენ:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)