logo
ENG



NGO-ებმა რაჭის ტყეების საქმეზე ონის ყოფილი მერის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს

26 ივლ 202317:53
3 წუთის საკითხავი
 
მთის ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივამ და სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეში ონის ყოფილი მერისა და მოადგილის მხრიდან სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე პროკურატურას მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

გამოცემა მთის ამბების ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსადმი ონის ყოფილი მერის ემზარ საბანაძის წერილში, მერი აცხადებს, რომ შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის", რომლის მფლობელიც დავით ხიდაშელია, ტყეების გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ემხრობა.

ემზარ საბანაძემ წერილში აღნიშნა, რომ ონის მერიამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემაზე და მერია თანახმაა, "საკითხი დადებითად გადაწყდეს".

"გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის საკითხი გადაწყდეს დადებითად" - წერია სამინისტროსადმი წერილში.

სამინისტროსადმი მორიგ წერილში, რომელსაც ხელს ონის მერის პირველი მოადგილე, დიმიტრი საყვარელიძე აწერს მერია კვლავ ადასტურებს რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო ტყის გაცემაზე და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებაზეც თანხმობას აცხადებდა.

გამოცემა წერს, რომ ონისა და ამბროლაურის 30-ზე მეტ სოფელში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ წერილობით დაუდასტურეს, რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია ლიცენზიის შესაძლო გაცემისა და რაჭის ტყეების 49 წლით სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის თობაზე.

გამოცემის ცნობით, მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია, რაჭის ტყეები ვინმეს, განსაკუთრებით კი რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მფლობელობაში ან სარგებლობაში გადავიდეს.

მთის ამბების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე თანხმობის გაცემიდან 4 თვეში, ონის ყოფილი მერი ემზარ საბანაძე ხიდაშელის კომპანიის, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორად დაინიშნა და პირველ 7 თვეში ხელფასის სახით 32 ათასი ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საბანაძე შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა-ს მრჩეველი იყო, ა პერიოდში მან 25 000 ლარზე მეტი აიღო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 5 აპრილამდე საბანაძე ონის მერის თანამდებობასაც იკავებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ონის მერის ეს ქმედებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასა“ და ემზარ საბანაძეს შორის, ჯერ კიდევ მერად მუშაობის პერიოდში, გარკვეული შეთანხმების არსებობის შესახებ, რამაც ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ ხიდაშელის კომპანიის ინტერესების გატარება განაპირობა.

სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, ქრთამის აღებას წარმოადგენს მოხელის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება, აგრეთვე, სამსახურებრივი მფარველობა.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

26 ივლისს პარლამენტის ოპოზიციონერმა  დეპუტატებმა- თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების გადაცემის საკითხს იკვლევენ. ამ მიზნით ისინი რეგიონში იმყოფებოდნენ.

 

close დახურვა