logo
ENG



NYT: გენერალმა სუროვიკინმა იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ

28 ივნ 202311:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/pr51end4odtl1ze.jpg

სერგეი სუროვიკინმა, უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, იცოდა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის აჯანყების გეგმების შესახებ. ამის შესახებ New York Times აშშ-ის დაზვერვის მიერ ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მოსაზრებით, ეს აჩენს კითხვებს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა ევგენი პრიგოჟინს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის "სამართლიანობის მარშად" წოდებული აჯანყების დროს, სუროვიკინმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც დაქირავებულ მებრძოლებს შეჩერებისკენ მოუწოდა.

ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს განუცხადეს, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, დაეხმარა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს მოქმედებების დაგეგმვაში, რასაც გამოცემა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 23-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევას უწოდებს.

სუროვიკინი რუსეთში გავლენიანი სამხედრო მეთაურია, რომელიც გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევის დროს ფრონტის ხაზზე თავდაცვის გამაგრებაში დაეხმარა არმიას. იანვარში იგი შეცვალეს უმაღლესი მეთაურის თანამდებობაზე, მაგრამ მან შეინარჩუნა გავლენა.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა სხვა რუსმა გენერლებმაც მხარი დაუჭირეს პრიგოჟინის მცდელობას, ძალით შეეცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ გენერალ სუროვიკინსა და პრიგოჟინს შორის ალიანსმა შეიძლება ახსნას, თუ რატომ არის ცოცხალი ვაგნერის დამფუძნებელი, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი რუსული სამხედრო ცენტრი აიღო და მოსკოვისკენ შეიარაღებული ლაშქრობის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

NYT-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, სჯერა თუ არა იმის, რომ სუროვიკინმა მხარი დაუჭირა პრიგოჟინს და როგორ უნდა უპასუხოს ამას.


close დახურვა