logo
ENG



NYT: გენერლები და ბაიდენის მრჩევლები ომის დასასრულებლად უკრაინის ნაბიჯებზე ვერ თანხმდებიან

11 ნოე 202217:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/9x1pxhwll4tpsj4.jpg
Doug Mills/The New York Times

New York Times-ის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი პირები ვერ თანხმდებიან, უკრაინამ უნდა მიმართოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებს ახლა, როცა ბრძოლის ველზე მზარდი წარმატებები აქვს. 

გამოცემის მიხედვით, აშშ-ის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის შიდა შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ოფიციალური პირი NYT-ს უყვება, რომ ამერიკის უმაღლესი გენერლები მოუწოდებდნენ ბაიდენს, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს წნეხი უკრაინაზე, რათა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზები ეძებოს. მეორე მხრივ კი ბაიდენის მრჩევლები აცხადებენ, რომ ამისთვის ჯერ ადრეა.

NYT წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გენერალმა მარკ მილიმ, რომელიც გაერთიანებული შტაბის უფროსია ხელისუფლების შიდა შეხვედრებისას განაცხადა, რომ უკრაინელებმა მიაღწიეს იმდენს, რისი გონივრული მოლოდინიც შესაძლოა ბრძოლის ველზე არსებობდეს ზამთრის დადგომამდე. შესაბამისად, მილის აზრით, მათ უნდა სცადონ, ეს წარმატებები მოლაპარაკების მაგიდასთან გაამყარონ.

წყარო გამოცემას უყვება, რომ ამავე შეხვედრაზე სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები შეეწინააღმდეგნენ ამ იდეას და აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებებისთვის არცერთი მხარე ამ ეტაპზე მზად არაა და ბრძოლებში უკრაინის მხრიდან ყველანაირი "შესვენება" რუსეთის პრეზიდენტს ძალების გადაჯგუფებების შანსს მისცემს.

NYT-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის მრჩევლებს სჯერათ, რომ საბოლოოდ ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება, ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მათი აზრით ჯერ "შესაბამისი მომენტი არ მომწიფებულა" და აშშ-მ არ უნდა სცადოს უკრაინას თავშეკავებისკენ უბიძგოს მაშინ, როცა ის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მზარდად წარმატებულია.

რაც შეეხება მათ საჯარო პოზიციებს, მანამდე CNBC-სთან ინტერვიუში მარკ მილიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარების შესაძლებლობები არსებობს.

„ჩვენ ვიხილეთ უკრაინული ჯარი რუსეთის ჯარს ბოლომდე ებრძვის. ახლა ის თუ რა იქნება მომავალში უცნობია, უეჭველობის არანაირი ხარისხი არ აქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ აქ დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის რაღაც შესაძლებლობები არსებობს“ - განაცხადა მილიმ.

ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი განაცხადა, რომ უკრაინას აშშ-სგან წნეხი არ აქვს და ამერიკა ზელენსკის დაჟინებულ მოთხოვნებს არ უყენებს, არამედ მოქმედებს, როგორც პარტნიორი - პარტნიორთან კონსულტაციებისა და სამხედრო დახმარების გავლით.

„ამერიკის შეერთებული შტატები არ ახორციელებს ზეწოლას უკრაინაზე. ჩვენ არ გვაქვს დაჟინებული მოთხოვნები უკრაინასთან ურთიერთობაში. რასაც ვაკეთებთ ესაა კონსულტაციები, როგორც პარტნიორები და ჩვენი მხარდაჭერის ჩვენება არა მხოლოდ საჯარო განცხადბებით ან მორალური მხარდაჭერით, არამედ ხელშესახები ფიზიკური მხარდაჭერით იმ სამხედრო დახმარების გავლით, რაზეც ადრე ვისაუბრე“ - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

გასულ კვირაში ჯეიკ სალივანის კიევში ვიზიტის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ზელენსკის მოლაპარაკებების განხილვისკენ მოუწოდებდა.

ეს ცნობები თეთრმა სახლმა უარყო და სალივანმა განაცხადა, რომ ზელენსკის ომთან დაკავშირებულ საკითხებსა და "სამართლიან მშვიდობაზე" ესაუბრა.

 

close დახურვა