The New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთის "ომის კურსის" შეცვლის ეგიდით, უკრაინაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ორმა ამერიკელმა და ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა მედიას ანონიმურად დაუდასტურეს.
უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მათ შეიტყვეს გერასიმოვის ვიზიტის შესახებ, თუმცა მისი მიზანში დროულად ამოღება ვერ შეძლეს.
ოფიციალური პირის თქმით, როდესაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იზიუმის მე-12 სკოლაზე შეტევა დაიწყეს, რომელსაც გერასიმოვი ეწვია, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსანი უკვე რუსეთში ბრუნდებოდა და ტერიტორია დატოვებული ჰქონდა.
ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად დაადასტურა, რომ გენერალი გერასიმოვი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსულ ბაზაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გენერალ გერასიმოვის საიდუმლო ვიზიტი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე, ხაზს უსვამს პრობლემებს, რომლებსაც რუსული ძალები დონბასში აწყდებიან.
„ეს [ვიზიტი] სავარაუდოდ ნიშნავს, რომ რუსებისთვის ყველაფერი კარგად არ მიდის“, - თქვა ჯეისონ ქროუმ, კოლორადოს დემოკრატთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელმა.
გასულ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა მორიგ შეტევას თავად უხელმძღვანელოს.
ამასთანავე, მედიის ინფორმაციით, გენერალი გერასიმოვი იზიუმის სიახლოვეს დაიჭრა. გერასიმოვის დაჭრაზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით, უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვიც წერდა. ავაკოვი ამბობდა, რომ რუსმა გენერალმა ქალაქ იზიუმში "მარჯვენა წვივის არეში ჭრილობა მიიღო, თუმცა ფეხის მოტეხილობის გარეშე".