The New York Times-მა რუსეთში იმპორტირებული საქონლის შესახებ მოამზადა სტატია, სადაც საქართველოზეა საუბარი. კერძოდ, მედია მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ევროპამ ოკუპანტ ქვეყანასთან სანქციების გამო სავაჭრო კავშირები გაწყვიტა, რუსეთმა მალევე იპოვა ალტერნატიული გზები.
ავტორი აღნიშნავს, რომ ყოველდღე საქართველოში რუსეთთან საზღვართან სატვირთო მანქანების რიგები დგას. ისინი მანქანის ნაწილებით, სამრეწველო მასალებით და სხვადასხვა პროდუქტით დატვირთულები დღეების განმავლობაში ელოდებიან საზღვრის გადაკვეთას და იმ მგზავრობის დასრულებას, რომელიც ჩვეულებრივ თურქეთიდან იწყება და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სრულდება.
"უკრაინაში ომმა უცაბედად შეწყვიტა რუსეთის მრავალი სავაჭრო კავშირი ევროპასთან, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ მალევე მოახერხა ადაპტირება, იპოვა იმპორტის ალტერნატიული მარშრუტები. ბოლო 10 თვის განმავლობაში, საქართველო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 3,6 მილიონიანი მოსახლეობით, რომელმაც საკუთარი მტკივნეული ომი მოსკოვთან 2008 წელს იბრძოლა - რუსეთსა და გარე სამყაროს შორის მოსახერხებელ ლოგისტიკურ არხად იქცა", - აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, ჟურნალისტი საუბრობს, რომ საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების (სომხეთი და აზერბაიჯანი) გავლით, რუსეთს დაეხმარა, უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შტორმი გადაეტანა.
"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საქონელი დეფიციტშია და უამრავმა დასავლურმა კომპანიამ ოპერირება შეაჩერა, მთავრობა ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს მხოლოდ 3 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება, დასავლეთის სანქციების პირობებში მყისიერი კოლაფსი, რომელიც ზოგიერთმა ეკონომისტმა იწინასწარმეტყველა, არ დამდგარა", - ვკითხულობთ სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს თურქეთამდე ყველაზე სწრაფი სახმელეთო მარშრუტი აქვს, რაც რუსეთისთვის დასავლეთთან ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო კავშირად იქცა. სტატიაში მოყვანილია TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა და მისი დიდი ნაწილი საქართველოს გზებზე მოძრაობდა.
სტატიის ავტორი წერს, რომ შეუძლებელია იმის თქმა, საქართველოში გამავალი ევროპული ტვირთის რა ნაწილი ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს, თუმცა მისი თქმით, რუსეთთან ვაჭრობის მხრივ ქვეყნის მთავარ რგოლად გამოჩენა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში პოტენციურ ხარვეზებზე მიუთითებს.