The New York Times წერს, რომ ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს და არა რაკეტით, როგორც ეს მედიაში გავრცელდა.
გამოცემა აღმოსავლეთ ქვეყნების 5 ოფიციალურ პირზე, ასევე 2 ირანელ და 1 ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დისტანციური მართვის ბომბი კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა. კერძოდ, წყაროების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ისმაილ ჰანიესთვის განკუთვნილ სახლში დაახლოებით 2 თვის წინ, მალულად დაამონტაჟეს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სასტუმროს ტიპის სახლს, რომელშიც აფეთქება მოხდა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს და იცავს. NYT-ის მიხედვით, თავდამსხმელებმა ბომბი მხოლოდ მას შემდეგ აამოქმედეს, რაც დადასტურდა, რომ ჰამასის ლიდერი ადგილზე იმყოფებოდა.
ისრაელს ჰამასის ლიდერის მკვლელობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა NYT-სთან საუბრისას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 5 ოფიციალური პირი ამბობს, რომ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა აშშ-სა და დასავლეთის სხვა მთავრობებს ოპერაციის დეტალები გააცნეს.
31 ივლისს, დილას, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც.
ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.
გუშინ თეირანში ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.