logo
ENG



Novaya Gazeta-ს ჟურნალისტი, რომელიც ჩეჩნეთის საკითხებზე მუშაობს, მუქარის გამო რუსეთს ტოვებს

04 თებ 202213:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/94tdtqdk4jhp8na.png

რუსი ჟურნალისტი ელენა მილაშინა, რომელიც ჩეჩნეთის საკითხებს წლებია აშუქებს, ქვეყანას ტოვებს.

როგორც Novaya Gazeta-ს რედაქციაში აცხადებენ, ამის მიზეზია ფედერალურ ხელისუფლებასა და რამზან კადიროვს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები და მრავალრიცხოვანი მუქარაა, რომელსაც ჟურნალისტი რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან იღებს. სწორედ ამის გამო რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მილაშინა რუსეთის ფარგლებს გარეთ მივლინებაში გაუშვას.

ელენა მილაშინა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებს. ის ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსაკაის საქმის მემკვიდრედ მიიჩნევა, რომელიც 2006 წელს მოკლეს. პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დაკვეთას ჩეჩნეთის ხელისუფლებას, კერძოდ კი რამზან კადიროვს უკავშირებენ.

ბოლო პერიოდია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა ემუქრებიან უფლებადამცველ აბუბაქრ იანგულბაევს, რომლის დედაც რამდენიმე კვირის წინ ძალის გამოყენებით გროზნოდან წაიყვანეს და შემდეგ დააკავეს. ჩეჩნეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აბუბაქრ იანგულბაევი კადიროვის მიმართ კრიტიკული ტელეგრამარხის 1ADAT-ის უკან დგას. სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი უფლებადამცველს, რომელიც ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება, მოძებნითა და თავის მოჭრით დაემუქრა.

რამდენიმე დღის წინ გროზნოში იანგულბაევების ოჯახის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციაც ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ოჯახის წევრების გამოსახულებიანი პლაკატები მოიტანეს, ჯოხები ურტყეს და დაწვეს. თვითონ კადიროვი თვითონაც ემუქრება აბუბაქრ იანგულბაევს და ხალხს მის წინააღმდეგ განაწყობს. გარდა ამისა, მან "ტერორისტების ხელშემწყობებს" უწოდებს ჟურნალისტ ელენა მილაშინას.

რუსული კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა კრემლის პრესსპიკერისთვის, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი კადიროვის აგრესიულ რიტორიკაზე და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. თუმცა კრემლში კადიროვის საქმიანობა ამ კუთხით არ შეუფასებიათ.


close დახურვა