logo
ENG



PACE-მ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

27 იან 202300:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/26/dhn14luzafwrdwz.jpg

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინაში ჩადენილი აგრესიული დანაშაულების გამო რუსი და ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების გასამართლების მიზნით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას.

46 წევრი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ამგვარი ტრიბუნალი ჰააგაში უნდა შეიქმნას.

„უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიული ომის წარმოების გადაწყვეტილების გარეშე, მისგან მომდინარე სისასტიკეს, ისევე, როგორც ნგრევას, სიკვდილს და ზიანს, რაც, მათ შორის ომის კანონიერი აქტებით, ამ ომის შედეგია, არ ექნებოდა ადგილი“ - განაცხადა PACE-მ.

საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ ამგვარი ტრიბუნალის შექმნას მხარი რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა დაუჭიროს და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაეროს გენერალურმა ასამბლეის მხარდაჭერა.

საპარლამენტო ასამბლეის თქმით, ევროპულ საბჭოს აქტიური როლი უნდა ჰქონდეს და კონკრეტული მხარდაჭერა გამოხატოს ტრიბუნალის შექმნის პროცესში.

PACE ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთი სხვა საერთაშორისო ტრიბუნალი არაა კომპეტენტური უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებზე პასუხისმგებლები პირების სამართლებრივი დევნისა და დასჯისთვის, მათ შორის არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს ამის იურისდიქცია.

რეზოლუციაში ასევე წერია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სასამართლო "ამჟამინდელი გარემოებებიდან გამომდინარე არ იქნება სარწმუნო" ორგანო რადგან რუსეთს აქვს ვეტოს უფლება.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ იმავდროულად, არსებობს მზარდი სამხილები, რომ რუსული ომის გამამართლებელი რიტორიკა "აჩვენებს გენოციდის მიზნებს" რომ გაანადგურონ უკრაინელი ერი.

„უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, მათ შორის მკვლელობები, იძულებითი გადაყვანა და უკრაინელი ბავშვების "რუსიფიკაცია" ასევე შეიძლება მოექცეს გენოციდის განმარტებაში“ - წერია რეზოლუციაში.

PACE-ს თქმით, რუსეთმა მისი ქმედებებით უკრაინისთვის მოტანილი ზიანისა და დანაკარგებისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს. მათ ასევე მოუწოდეს უკრაინისთვის კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნისკენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის დროს ჩადენილი მზარდი დანაშაულების ფონზე აქტუალური გახდა ისეთი ტრიბუნალის შექმნის საკითხი, სადაც უკრაინის შეჭრასა და დანაშაულებზე პასუხისმგებელი რუსი და ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების გასამართლება შესაძლებელი იქნება. 

2022 წლის 14 მარტს პუტინისა და მისი გარემოცვის გასამართლების მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის, ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1,8 მილიონზე მეტი მოქალაქე აწერს.  

19 მარტს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი სხვა აკადემიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უერთდებიან.

ჯამში 140 პოლიტიკოსმა და აკადემიკოსმა, რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა დაკავშირებული ადამიანების გასამართლებლად, ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს.

ხელმომწერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შეუძლია გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის მიმართ დანაშაულების გამოძიება, მას არ შეუძლია დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც ICC-ის რომის წესდების წევრი არაა. რუსეთს კი რომის წესდება ოფიციალურად არ დაუმტკიცებია. 

ამ შემთხვევაში, გამოძიების დასაწყებად გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვა იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, სავარაუდოა, რომ ამგვარ განაცხადის შემთხვევაში ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რის შემდეგაც ICC ვერ შეძლებს უკრაინაში რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას.

გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ახალი ტრიბუნალის შექმნით აღმოიფხვრება ის ბუნდოვანების სივრცე საერთაშორისო სამართალში, რაც პუტინმა შესაძლოა კანონებისგან თავის არიდებისთვის გამოიყენოს.

ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინის რეჟიმის გასამართლებლად ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალია საჭირო ისევე, როგორც ეს ნაცისტების შემთხვევაში მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა

"ეს გახდება სიგნალი მსოფლიოში აგრესიის ყველა მსურველისთვის, რომ მათ უნდა დააფასონ მშვიდობა ან მსოფლიო პასუხს აგებინებს" - განაცხადა ზელენსკიმ. 

2022 წლის 17 ოქტომბერს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ ევროკავშირს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაეხმარონ უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში. ეს ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის დანაშაულს გამოიძიებს, შეავსებს არსებულ იურისდიქციულ ხარვეზს და უზრუნველყოფს რუსეთის ანგარიშვალდებულებას უკრაინის წინაშე.

19 იანვარს კი ევროპარლამენტმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს უკრაინასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდა. 

 

close დახურვა