logo
ENG



PACE-ს 24 წევრი: ოცნება, როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნების მიტაცებისთვის ემზადება

03 ოქტ 202418:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/03/dqalqzrlkbayhq4.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 24 წევრი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, PACE-ს წევრები შეშფოთებულნი არიან წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც დაშინებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას მოიცავს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, "საგანგაშო ცნობები" მანიშნებს, რომ ქართული ოცნება არჩევნების მიტაცებას გეგმავს.

"საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი არჩევნების მიტაცებისთვის ემზადება.

ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა შენობები იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან აშკარა დაუსჯელობით. ასევე, ოპოზიციის აქტივისტებზე იყო ფიზიკური თავდასხმები.

ამომრჩეველს ასევე აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხმის მიცემის ფარულობა - "ხელისუფლება გაიგებს, ვის მიეცით ხმა და ამას შედეგები მოჰყვება".

დამკვირვებელთა ბევრ ადგილობრივ ჯგუფს ხელს უშლიან თავიანთი სამუშაო შეასრულონ, ანტიკორუფციული კანონის ბოროტად გამოყენებით ჯერ კიდევ იქამდე, სანამ უცხოური აგენტების კანონი ძალაში შევა.

და ბოლოს, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

ამგვარმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარებისთვის, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და კურსი შეცვალოს.

ამიტომ, არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, როლი გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა