ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 დეპუტატი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპულ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
"შეშფოთებულნი ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 2021 წლიდან ციხეში იმყოფება. ციხეში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა დაადასტურა რიგი დაავადებები და სერიოზული ნევროლოგიური მდგომარეობა. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვარ იმით, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და უკრაინის ომბუდსმენის რეკომენდაციები არ იქნა შესრულებული. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა სტრესისგან თავისუფალი მკურნალობისთვის. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, აზრი აქვს ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობას, რომელსაც აქვს გამოცდილება მსგავს საკითხებში. ეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხია.
ასევე, შეშფოთებულნი ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. თუ სააკაშვილი მძიმედ დაავადდება ან გარდაიცვლება პატიმრობის დროს, ეს პროცესს საფრთხის ქვეშ დააყენებს", - აღნიშნულია განცხადებაში.