ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღებას გმობს.
PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი პირიმ თქვა, რომ ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. მისივე თქმით, PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".
"პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა რჩება", - თქვა მან.
ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.
ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".