logo
ENG



PHR: სპორტში ქალებისა და არასრულწლოვანი გოგოების სექსუალურ შევიწროებაზე საქმე მოვიგეთ

18 თებ 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
PHR: სპორტში ქალებისა და არასრულწლოვანი გოგოების სექსუალურ შევიწროებაზე საქმე მოვიგეთ

ორგანიზაცია PHR აცხადებს, რომ საქართველოში სპორტში ქალებისა და არასრულწლოვანი გოგოების სექსუალურ შევიწროებაზე საქმე მოიგეს. 

"ეს წუთია #PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე! შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი. ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც. ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად", - წერია მათ განცხადებაში.

2020 წელს ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ქალების მიმართ, მწვრთნელის მხრიდან, განხორციელებულ სექსუალურ შევიწროვებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

ორგანიზაციის ცნობით, ქალი ფეხბურთელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროვებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ქალთა საფეხბურთო კლუბის კაცი მწვრთნელისგან. 

"მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვაში, კრიტიკაში. ასევე სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში, ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და მტრულ გარემოს უქმნიდა სამუშაო ადგილას", - წერია მათ განცხადებაში.

PHR-ის ინფორმაციით, მწვრთნელის მხრიდან ინტენსიური სექსუალური შევიწროვების ფაქტების გამო, ქალი ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ ვადაზე ადრე შეეწყვიტათ სახელშეკრულებო ურთიერთობა კლუბთან და დაეკარგათ შემოსავალი.


close დახურვა